weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

შსს მესაზღვრეების გატაცებაზე ოჯახის წევრებს ინფორმაციას 2 დღე უმალავდა

21:38 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხის რაიონიდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან, რუსი სამხედროების მიერ, ორი ქართველი მესაზღვრის, კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის გატაცების შესახებ ინფორმაციას, გატაცებულთა ოჯახის წევრებს 2 დღის განმავლობაში უმალავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის რაიონიდან გაუჩინარებული ქართველი მესაზღვრეები ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც მესაზღვრეების გატაცებაზე სააგენტო „რეგინფომ“ დაწერა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქართველი მესაზღვრეები სოფელ პატარა გორში მცხოვრები, 40 წლის კობა მაჭარაშვილი და სოფელ შრომაში მცხოვრები გიორგი კერესელიძე არიან.

„რეგინფოსთან“ საუბარში ერთ-ერთი გატაცებული მესაზღვრის, კობა მაჭარაშვილის დედამ ნარგიზ მახათაძემ და მეუღლემ, ირმა კაპანაძემ აღნიშნეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ მომხდარის შესახებ, ვიდრე მეზობლებმა და ჟურნალისტებმა არ შეატყობინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა განხორციელდეს 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტ ინფორმაციას არ გასცემს, „რეგინფო“ საკუთარი წყაროებით ცდილობს დააზუსტოს, რა ტერიტორიიდან და რა ვითარებაში მოხდა ქართველი მესაზღვრეების გატაცება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]