„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა განაჩენი 29 ივნისს გამოაცხადა.
იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა, გოჩა ბლუაშვილი, რომელიც ასევე პოლიციელი იყო, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ, იაკობ ბლუაშვილმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ქალის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
იაკობ ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გოჩა ბლუაშვილს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.
გოჩა ბლუაშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა. 6 ივნისს, ახალციხის სასამართლომ იაკობ ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.