weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასამთავრობოები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

15:19 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მთავარი პროკურორის მოქმედი წესით შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოქმედი წესი ვერ უზრუნველყოფს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატი.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორი მას შემდეგ უნდა დაინიშნოს, რაც შეიცვლება პროკურატურის სისტემა და იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის კანდიდატურის წარდგენის უფლება აღარ ექნება.

„დღეს პროკურატურის სისტემა რჩება იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ. იუსტიციის მინისტრს კვლავ აქვს ძალიან ფართო უფლებამოსილება ამ სამსახურთან მიმართებით. კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას, მათ შორის მთავარი პროკურორის შერჩევის წესს.

თუკი დღეს ხარვეზიანი წესით ავირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ვერანაირ გავლენას ამ უწყების ინსტიტუციურ გაჯანსაღებასა და დეპოლიტიზირებაზე ვეღარ მოახდენს.

ამიტომ კოალიციის პოზიცია არის შემდეგი: გაჩერდეს მთავარი პროკურორის მიმდინარე შერჩევის პროცესი, მოხდეს საპროკურორო საბჭოს რეფორმირება და მხოლოდ რეფორმის შემდგომ მოხდეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა“, - განაცხადა კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა“ სოფო ვერძეულმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმის შემდეგ საპროკურორო საბჭოში პოლიტიკური წარმომადგენლობა აღარ იქნება.

„კონსტიტუციაც ამას გულისხმობს, რომ იუსტიციის მინისტრი აღარ უნდა იყოს საბჭოს წევრი, ისევე როგორც დეპუტატები არ უნდა იყვნენ საპროკურორო საბჭოში და დეპოლიტიზირებულმა პროფესიულმა ორგანომ - საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს სრულიად ნეიტრალური, კვალიფიციური და მაღალი მორალური რეპუტაციის მქონე კანდიდატი“, - აღნიშნა ვერძეულმა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს, გააჩერონ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, დაიწყოს მუშაობა საპროკურორო საბჭოს და პროკურატურის რეფორმირებაზე და საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ მოხდეს მთავრი პროკურორის შერჩევა ახალი, გამართული წესით.

კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 5 ივნისს მათ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ წულუკიანმა მართლმსაჯულების სექტორში რეფორმას თავი ვერ გაართვა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]