weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპეციალისტები ჭუბერის ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ელოდებიან

13:07 კვირა, 08 ივლისი 2018
ფოტო: ლევან გაბეჩავა ფოტო: ლევან გაბეჩავა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრას (ჭუბერის თემი) და დოლრას (ბეჩოს თემი) აუზებში სტიქიური პროცესების საფრთხეებმა იკლო და ამ ეტაპზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს მდინარე  ნენსკრას და მდინარე დოლრას აუზებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის, მდინარე ოკრილას ხეობა, სადაც ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ჭუბერის თემში წარმოქმნილ სტიქიას.

ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე, მათ შორის მდინარე ოკრილაზე გამოიწვია წყლის ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად ადგილი აქვს მდინარის ნაპირების ინტენსიურ გარეცხვას (ეროზიას), რაც მსგავსი სტიქიის თანმდევი პროცესია. ამ ეტაპზე ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ველოდებით“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 ივლისს, ძლიერი წვიმის შემდეგ ჭუბერის ხეობაში მთა ჩამოიშალა, მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა, რის გამოც დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. მოგვიანებით წყალმა მეწყერი გაარღვია და ჭუბერის ხეობის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ ხიდები და გზები წაიღო, 27 სახლი დატბორა, 7 დააზიანა, ერთი კი დაანგრია. გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ათამდე სოფელი. რამდენიმე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.

7 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]