წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო სხომაზე მალხაზ კობაურმა დანაშაული არ აღიარა. მისი თქმით, სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა, რომლებიც მასაც ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ.
ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრმაციით, შელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.
მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.
მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.