„დღეის მდგომარეობით გარკვეული მტკიცებულებები არ არის, თუმცა საქმეზე არსებული მასალებით, მათი ერთობლივი ანალიზით, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. მიმდინარეობს გამოძიება და თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, ამ პირებთან მიმართებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს არის გარკვეული მტკიცებულებები, მოპოვებული ინფორმაცია, ამ ინფორმაციის ფარგლებში სხვა არავინ არ იკვეთება“, - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
პროკურორის თქმით, მალხაზ კობაურის საუბარი, სადაც ის მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს, სამართალდამცავებს ჩაწერილი აქვთ.
„ბრალდებულის მიმართ ფარული საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა, რა დროსაც ჩაწერილი იქნა მალხაზ კობაურის საუბარი, სადაც ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც მიუთითებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მათ შორის, შეხვედრის დეტალებზე, შემდგომ დანაშაულის ჩადენის დეტალებზე, უშუალოდ თითოეული გასროლის შემდგომ რა ხდებოდა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურმა თქვა, რომ სმიტები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, რაიან და ლორას სმიტები, ასევე მათი 4 წლის შვილი ორმა უცხოელმა მამაკაცმა მოკლა, რომლებმაც მას მუქარით აიძულეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო.
მოსამართლე სოფიო ლეჟავამ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„უტყუარი მტკიცებულება არავის აქვს ამ საქმეში. თვითმხილველი არ არსებობს, ბრალდების მხარე ემყარება მხოლოდ იმ სავარაუდო ე.წ მტკიცებულებებს, რომელიც იქამდე მოიპოვა, სანამ ადვოკატი საქმეში ჩაერთვებოდა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა.
ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.
მალხაზ კობაურის დაკავების შემდეგ, 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ კობაურმა დანაშაული აღიარა. 10 ივლისს კი, ბრალდებულის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში ის მწყემსად მუშაობდა.