საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორობის ორ კანდიდატს - ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს გაესაუბრნენ. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ შალვა შავგულიძეს, ის გასაუბრებაზე გამოცხადდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპროკურორო საბჭომ უარი უთხრა გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს საპროკურორო საბჭოს წევრებიდან ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, ირმა ჭკადუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი, ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა. საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. სხდომასა და გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიიღო ოთარ კახიძემ გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საბჭოს მხრიდან უარის გამო. გასაუბრების შემდეგ საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს კენჭი უყარა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ყველა წევრმა თეა წულუკიანის, ეკა ბესელიას და ოთარ კახიძის გარდა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის თადუმაძის შვილის ნათლიაა.