weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2 უცნობი რომლებზეც კობაური საუბრობდა ჩრდილოკავკასიელებს ჰგავდნენ - ადვოკატი

10:32 პარასკევი, 13 ივლისი 2018

ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, დავით გირგვლიანის განცხადებით, 19 წლის მალხაზ კობაური არა დამნაშავე, არამედ დანაშაულის მოწმეა. როგორც პირველ არხთან ინტერვიუში გირგვლიანმა აღნიშნა, ბრალდებულის თქმით, ხადის ხეობაში ორი უცხოელი, სავარაუდოდ ჩრდილოკავკასიელები იყვნენ, რომლებმაც სმიტების ოჯახის წევრები მოკლეს.

„კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადის ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი.

მან განაცხადა, რომ ესენი არიან უცხოელები, ქართველებს არ ჰგავდნენ, მეტყველებდნენ ქართულად, თუმცა საუბრობდნენ ისე, თითქოს ჯერ აზრებს ალაგებდნენ და მერე საუბრობდნენ. როგორც კობაური აცხადებს, ისინი დაახლოებით ორ მეტრამდე სიმაღლის იყვნენ, ჩრდილოკავკასიელებს ჰგავდნენ და აქცენტიც უფრო ლეკური ჰქონდათ.

კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ სმიტი აღელდა. კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, – აცხადებს ადვოკატი დავით გვირგვლიანი.

მისივე თქმით, როდესაც კობაურმა ეს ყველაფერი გამომძიებლებს მოუყვა, არავინ დაუჯერა და მოსთხოვეს, დანაშული ეღიარებინა.

„იმყოფებოდა ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ და მოუწია ამ წნეხის პირობებში აღიარებითი ჩვენების მიცემა.

მალხაზ კობაური ამ ორი ადამიანის ტყვე იყო. ეს ორი პიროვნება მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ. ამიტომ სდუმდა ის დღეები, ეშინოდა.

მას ნიკაპზე აღენიშნება მცირედი დაზიანება. ეს დაზიანება მიაყენა ერთ-ერთმა პიროვნებამ იმ ორიდან, რომელიც მას ცალკე აკავებდა და არ მისცა საშუალება, რომ კობაური დახმარებოდა სმიტების ოჯახს, როდესაც მეორე პირი მაიკლ სმიტს სასიკვდილოდ იმეტებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მკვლელობა ხადის ხეობაში 4 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ამერიკის მოქალაქის, 43 წლის რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო პატიმრობით ისჯება.  

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]