weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხადის ხეობაში მოკლული სმიტები აშშ-ში გადაასვენეს

18:01 პარასკევი, 20 ივლისი 2018

ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის ვაჟიშვილის ცხედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაასვენეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ დაფარა. გარდაცვლილების ოჯახის წევრების თხოვნით, საელჩო მათი დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

43 წლის რაიან სმიტი, 42 წლის ლორა სმიტი და 4 წლის კაილებ სმიტი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. მკვლელობაში 19 წლის მალხაზ კობაურია ბრალდებული, რომელიც სოფელ წკერესთან ახლოს მწყემსად მუშაობდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

წყაროებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ლორა სმიტს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

პოლიციისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, მალხაზ კობაური მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ლორა სმიტის მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე არაფერს ამბობს.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ. 2012 წლიდან ისინი საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]