weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელისუფლებას სურს მალხაზ მაჩალიკაშვილმა სიმართლე ევროპაში არ გაიტანოს – ადვოკატი

19:36 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018
ფოტო: RFE/RL ფოტო: RFE/RL

„ეს დაბარებები ძალიან არასერიოზულ ხასიათს იძენს. მთავარი არსი არის ის, რომ ხელისუფლებას სურს არ მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ევროპის საზღვრის გადალახვა და სიმართლის საზღვრებს გარეთ გატანა“, - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.

პანკისში ჩატარებული სპეციოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ის კითხვები დაუსვეს, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა.

„დღეს დაგვიბარეს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც თითქმის 8 თვე სასამართლო პროცესებზე ვიჯექი. დეტალურად არის გამოკვლეული ყველა მასალა, ყველა ინფორმაცია, დაკითხულია ყველა მოწმე. მთელი ამ ხნის მანძილზე მალხაზ მაჩალიკაშვილი არცერთხელ არ ყოფილა დაბარებული და არც მოწმეთა სიაში ყოფილა. კითხვები იყო ძალიან საინტერესო - მალხაზ მაჩალიკაშვილი ვალდებული გახდა, გაეხსენებინა გარდაცვლილი შვილის ცხოვრება, ყველა ის მოქმედებები, ურთიერთობები, საიდან, როდის და რა პირობებში გაიცნო ბორზიევი და სხვა პირები. ყველა დეტალი, რაზეც უკვე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავის ქვეყანაში სამართალი ვერ ნახა. მიდიოდა ზაზა სარალიძესთან ერთად და სურდა ევროპაში სხვადასხვა შეხვედრების გამართვა, მაგრამ ხელს უშლიან. დაიწყო გამოძიება, თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, ტერორიზმის ხეშეწყობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, მაგრამ, როგორც საგამოძიებო ორგანო განმარტავს, გარკვეულ ნაწილში გამოძიება კვლავ გრძელდება.  

„სწორედ ამ ნაწილში მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაც. კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას. გარკვეულწილად ჩატაევთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. რამდენადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაცვლილია, მის მიმართ ბრალი არ ყოფილა წაყენებული და სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, ეს ყველაფერი უსაფუძვლოდ მიგვაჩნია“, - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი

ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილს 21 აგვისტოსაც დაკითხავენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე 14 აგვისტოსაც იმყოფებოდა. მაშინ ის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებული განცხადების გამო დაკითხეს.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეს, ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს გამოიტანა. სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისთვის ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს და რუსლან შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]