weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანას სულ მცირე ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება – აკაკი ზოიძე

13:27 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უმკაცრესი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს.

„იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს. ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა, 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებას სულ მცირე ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოსთან დაკავშირებით მოქმედებს.

„საუბარია საჯარო ადგილებში მოწევაზე, სადაც მეორე პირს შეიძლება მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია. ასევე, საჭიროა კონტროლი გარკვეული პროფესიების მიმართ მაგალითად, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას - ექიმი, მძღოლი და ა.შ, რომელთა ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელია“, – აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, არსებული რისკების შესახებ მომავალ თაობას ნათელი მესიჯები უნდა მიეცეს და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაფინანსდეს. ჯანდაცვის კომიტეტი ამ ინიციატივის დაყენებას ბიუჯეტის განხილვის დროს, მიმდინარე თვეში გეგმავს.

30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი საფრთხეს უქმნის მესამე პირებს. მაგალითად, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულია, თუ აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვ.), ასევე არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ..

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]