„იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. მესამე პირისთვის ზიანის მიყენება უნდა განისაზღვროს. ჩემი ინიციატივა იქნება, 21 წლიდან იყოს ნებადართული მარიხუანას მოწევა და არა, 18 წლიდან. გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს მარიხუანა, სანამ არ დასრულდება გონებრივი განვითარება და ეს ასაკი არის 21 წელი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებას სულ მცირე ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოსთან დაკავშირებით მოქმედებს.
„საუბარია საჯარო ადგილებში მოწევაზე, სადაც მეორე პირს შეიძლება მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია. ასევე, საჭიროა კონტროლი გარკვეული პროფესიების მიმართ მაგალითად, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას - ექიმი, მძღოლი და ა.შ, რომელთა ყურადღების კონცენტრაცია აუცილებელია“, – აღნიშნა ზოიძემ.
მისივე თქმით, არსებული რისკების შესახებ მომავალ თაობას ნათელი მესიჯები უნდა მიეცეს და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაფინანსდეს. ჯანდაცვის კომიტეტი ამ ინიციატივის დაყენებას ბიუჯეტის განხილვის დროს, მიმდინარე თვეში გეგმავს.
30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი საფრთხეს უქმნის მესამე პირებს. მაგალითად, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულია, თუ აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვ.), ასევე არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ..