ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რექცია“ მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივის გამო ეკლესია შეშფოთებულია. მისივე თქმით, ხალხი ეკლესიისგან მოქმედებას ითხოვს.
„ეკლესია არ არის მეამბოხე, მაგრამ ხალხი უკვე პირდაპირ მოგვმართავს. ჩვენთვის ეს პირველია და არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავჯდეთ და გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რევოლუცია ჩვენთვის უცხოა, მაგრამ ხალხის დიდი მოთხოვნაა - ნდობადაკარგული ხალხისაც კი. თქვენ იცით, ბოლო დროს მოვლენები როგორც განვითარდა და ეკლესიის რეიტინგმა თითქოს დაიწია, მაგრამ ამ დროს ხალხი საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღება. აქტუალური საკითხია, რა ნაბიჯს გადადგამს ეკლესია.
ეკლესია შეშფოთებულია. ჩვენ ყველა შეშფოთებულნი ვართ. ამას ემთხვევა ის, რომ ხალხის დიდი მოთხოვნაა, ჩვენ პასუხი გავცეთ და ნუ ვდუმვართ. ჩვენს არქმედებას დუმილად აღიქვამენ.
ჩვენ უნდა დავსხდეთ და ეს საკითხი მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ისე, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს, იმიტომ, რომ ეკლესია არ არის ის გზა, რომელიც რევოლუციებს უწყობს ხელს. პირიქით ჩვენ გვინდა, რომ მოვძებნოთ საერთო, თუ არა და არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს იქნება მკაცრად რეგულირებული საქმიანობა და შეიქმნება სპეციალიზირებული სააგენტო, რომელიც მარიხუანას მოყვანა-გადამუშავებას გააკონტროლებს.