„უწმინდესისგან მოწოდება იყო, რომ შიმშილობა შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე შიმშილი. თავად მომაწოდა საკვები და ალბათ იმან იმოქმედა, მაგიტომ ვარ ასე. აქციებთან დაკავშირებით არ გვილაპარაკია. მკითხა საქმის მსვლელობა როგორ არის და რაც ხდება. მოკლედ მივაწოდე ინფორმაცია, რომ არაფერი არ ხდება და ისევ მკვლელებს აფარებენ ხელს. ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სატანები არ მოშორდებიან ამ ქვეყანას“, - განაცხადა სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.
საპატრიარქოს განცხადებით, მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება და გულისტკივილი მომხდარი ტრაგედიის გამო, დალოცა გარდაცვლილის მამა, ურჩია შიმშილობის შეწყვეტა და მხნეობა უსურვა.
ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს განაახლეს. სარალიძემ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის საავადმყოფოში ორჯერ გადაიყვანეს.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვეა მათი შვილების მკვლელობის საქმეებზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ კითხვებზე პასუხებს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებენ.