weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა „პანკისობაზე“ თავის დაწვით იმუქრება

12:00 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი სახალხო დღესასწაულ „პანკისობაზე“ კონცერტის ჩატარების შემთხვევაში, სცენაზე თავის დაწვით იმუქრება. „პანკისობა 2018“-ის ღონისძიებების დაწყება 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ხეობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

„იმ სცენაზე თუ ვინმე ავა, პირველი ავალ მე, მედიკო მარგოშვილი. ხელს შევუშლი, ჩემი შვილის საფლავთან ამათ არ ვაცეკვებ. ორ ნაბიჯში თემირლანის საფლავია. გვილხინს?! ამათი ცეკვისა და ტაშ-ფანდურის გული გვაქვს?!“, - უთხრა მედიკო მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ახლობლები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებენ და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვენ.

„დღეს პანკისობა არ იქნება, სანამ თემირლანის სიკვდილზე პასუხს არ გასცემს ხელისუფლება. თუ იქნება, ჩემი სიკვდილიც იქნება. ჩვენ ჯერ ვგლოვობთ თემირლანს.

ორი კვირაა ჩემი მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ დგას და შიმშილობს, ხოლო ხელისუფლება ჩემი შვილის საფლავთან „პანკისობას“ სპეციალურად ატარებს. უნამუსოდ ამოვიდნენ.

არცერთი პანკისელი აქ გამომსვლელი არ არის. მანქანებით მიდიან, რომ სხვადასხვა სოფლებიდან ქართველები მოიყვანონ“, - ამბობს მედიკო მარგოშვილი.

„აგერ, აქვე მარხია ჩემი შვილიშვილი, რომელიც უდანაშაულო, მძინარე ჩაგვიცხრილეს ლოგინში.

აქ მოსული ვარ იმისთვის, რომ „პანკისობა“ არ ჩატარდეს. მთავრობამ იმდენი გააკეთა, რომ ორი კვირაა ჩემი შვილი შიმშილობს და პარლამენტთან ზის. ჩვენ ყოველდღე სამძიმარს ვღებულობთ და სადაც ჩემი შვილიშვილი მარხია, ზუსტად იქ ამოვიდნენ ტაშფანდურის მოსაწყობად. ჩემს თავს დავდებ აქ და ამის ჩატარებას არ დავუშვებ.

მეც იმ ღამეს მომკლეს და ჩემთვის სულ ერთია. რომ მესროლონ, უკან არ დავიხევ“, - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია.

„პანკისობისთვის“ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯანდაცვის სამინისტრო სოფელ დუისში პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრს გახსნის, რის შემდეგაც გაიმართება გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დოღიც. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ღონისძიებებში ანსამბლი „პანკისი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციაც“ მონაწილეობენ. „პანკისობა 2018“-ს ჯგუფ „ბანის“ კონცერტი დაასრულებს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]