„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, - განაცხადა სერგეენკომ „რუსთავი 2“-თან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გია თვალავაძე 24 სექტემბერს, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
სუს-ის მტკიცებით, თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქის მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გია თვალავაძეს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.