შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „კურიერი“, 10 ოქტომბერს, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა რეპორტაჟს, როდესაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჯერ მიკროფონი წაართვეს და გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, ქვებით შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეომასალის წაშლის მიზნით კამერა წაართვეს. „კურიერის“ ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ჩაკეტილი. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.