weather cur horoscope tv
იანვარი 30, 2023

„გირჩი“ თბილისში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს

01:48 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

„გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს 20 ოქტომბერს, თბილისში, „დედა ენის“ ბაღში გამართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, მოიხმარონ მარიხუანა და ესა არის მათი კონსტიტუციური უფლება. მაგრამ წარდგენილი კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს, ითვლება, რომ ადამიანს მარიხუანას მოწევის უფლება აქვს მხოლოდ საკუთარ სახლში, ჩაკეტილ სივრცეში, თუ 150 მეტრით მოარიდებს არასრულწლოვნებს. ნებისმიერ სხვა სივრცეში მარიხუანას მოწევა ისევე აკრძალულია, როგორც აქამდე იყო და ხშირ შემთხვევაში სასჯელები მკაცრდება. საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურია.

ჩვენი აზრით, „ლეგალურია“ ნიშნავს, რომ ადამიანს სულ მცირე უნდა ჰქონდეს ლეგალური ნივთიერების ლეგალურად შოვნის ერთი გზა მაინც.

არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ გავაძლევს კანონპროექტი, რომელიც წარმოგვიდგინეს და ის, როგორც იქცევა მთელი პოლიტიკური სპექტრი და დამატებული საპატრიარქო. ანუ, ფაქტობრივად დასაცავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი გაგებისგან იმიტომ, რომ, როგორც ჩანს იმას, ვინც ვალდებულია აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, მისი შინაარსი არ ესმის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მარიხუანას ფესტივალზე მისულ ადამიანებს საშუალება ექნებათ მიიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული პროდუქტი - გაუცვალონ ის სხვებს, გაყიდონ, ან „გადასცენ როგორც სუვენირი“. ამასთან, იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ მარიხუანას გაყიდვა თუ ჩუქება, აკრძალულია.

მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვცა. ის, რომ კანონმდებელმა ეს აქამდე ვერ გაიგო, ჩვენი პრობლემა არ არის. ობიექტურად ეს არის კანონმდებლის პრობლემა, - აღნიშნავს ხვიჩია.

რაც შეეხება სამართალდამცავთა მხრიდან მოსალოდნელ რეაგირებას, „გირჩი“ მათგან „ადეკვატურ რეაქციას“ ელის.

„ეს არ არის ვიწროდ ქართული მოვლენა. მარიხუანას ფესტივლები სხვადასხვა ქვეყნებში ყოველდღე არ ტარდება, ამიტომ გვგონია, რომ საქართველოს საზღვრებს გასცდება.

ამ ფესტივალის მონაწილეები არა მხოლოდ ქართველები იქნებიან, არამედ დაესწრება ძალიან ბევრი ტურისტი, რომელიც უბრალოდ საზეიმოდ, მარიხუანას ლეგალიზაციის აღსანიშნავად მოდის.

ამიტომ, მგონია, რომ ამ ხალხში სპეცრაზმით შევარდა სრულიად არაადეკვატური იქნება“, - განაცხადა იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებია და წინასაარჩევნოდ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება, არჩევნებში მისი გამარჯვების ტოლფასი იქნება.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კანდიდატ ჯაფარიძის დაჭერა და ციხეში ჩასმა ნიშნავს იმას, რომ ის იქიდან პრეზიდენტი გამოვა.

ასეთი ცუდი წარმოდგენა არა მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ მათ არ ესმოდეთ - პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭერა ახლა არ შეიძლება. თუ რამე დარღვევა მოხდება ამ აქციაზე, პირველი ჩაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდეგ ჩაიდენენგირჩის“ წევრები და შემდეგ ის მონაწილეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. ეს აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება ცივილურად შეიძინონ ის პროდუქტი, რისი მოხმარების უფლებაც აქვთ. მათ უნდა ჰქონდეთ მისი კულტივაციის უფლებაც“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩი“ მარიხუანას ლეგალიზაციის ფესტივალზე საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ელის.

„მე მოვარდნას კი არ ველოდები, მე ველოდები ამ ადამიანების სტუმრობას ამ აქციაზე. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში მოიხმარენ მარიხუანას და ისინი მორალური და პატიოსანი ადამიანები არიან. ჩემი აზრით, ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, სისხლისსამართლებრივი წესით მარიხუანას მხოლოდ მოხმარება აღარ ისჯება. სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

 

ამ თემაზე:

კანაფის ფესტივალზე სამართალდამრღვევების მიმართ მკაცრ ზომებს გავატარებთ - შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]