weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რასაც მიმიღწევია, მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა – სესიაშვილი

23:43 კვირა, 14 ოქტომბერი 2018

ყვარელი-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. სიუჟეტის მიხედვით, სესიაშვილმა, რომელსაც პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც უკავია, 2012 წლის შემდეგ დიღომში, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 310 კვ.მ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აიშენა. იმავე ეზოში მას ორსართულიანი სახლიც აქვს.

გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტი მაღალი თანამდებობის პირების მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშენებულ ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლებს ეხება. ჟურნალისტის თქმით, ჩინოვნიკების სახლებს შორის სესიაშვილს ყველაზე მდიდრული აპარტამენტები აქვს.

ირაკლი სესიაშვილი სიუჟეტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ ის ტყუილებზეა აგებული. მისივე თქმით, მოსახლეობას მისი ქონებრივი დეკლარაცია არ აჩვენეს, სადაც „აბსოლუტურად ყველაფერი თანხვედრაშია“.

„ამ სიუჟეტში ნამდვილად იყო ბევრი ტყუილი. პირველი - იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ (ქოშიგორაზე), მშენებლობა 2009 წელს დავიწყე და 2012-ში დავასრულე. შესაბამისად, ტყუილია სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი დეპუტატმა სესიაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის, ანუ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ „მაესტროს“ გადაცემა „ღია კარის დღე“ და მარტივად დარწმუნდებით, რომ ეს სახლი უკვე აშენებული მქონდა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.

რაც შეეხება 310 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, სესიაშვილი განმარტავს, რომ მისი მშენებლობა თბილისის ცენტრში ბინის გაყიდვით მიღებული თანხით დაიწყო.

„მეორე სახლის მშენებლობა წლებია მიმდინარეობს და ამ დრომდე დაუსრულებელია. ყველა გაწეული ხარჯი ამ შემთხვევაშიც, სრულ თანხვედრაშია დეკლარაციასთან. ჩემი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ასე ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩემი რეპუტაცია არის შემდეგი - ვერავინ ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია. რასაც მიმიღწევია, ეს მხოლოდ ჩემი შრომით და წესიერებით ხდებოდა“, - აღნიშნავს სესიაშვილი.

2018 წლის 3 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი სესიაშვილმა დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 310 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სახლი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა, რომელიც სესიაშვილს 2007 წელს აქვს შეძენილი. ამავე ტერიტორიაზე მას უკვე ჰქონდა 168 კვ.მ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

პარლამენტის წევრს დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე საკუთრებაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი აქვს. „რეგინფო“ 2017 წელს წერდა, რომ სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა და საბურთალოს რაიონში, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი 30 694 ლარად იყიდა. 2016 წლის 11 მარტს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონის შედეგად მან 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 14 214 ლარად შეიძინა. ამის შემდეგ, თვითნებურად დაიკავა მომიჯნავედ მდებარე 311 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც თბილისის მერიამ აუქციონი 2017 წლის 10 მარტს გამოაცხადა. აუქციონში ამჯერადაც მხოლოდ ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობდა და ნაკვეთი 16 480 ლარად იყიდა. დეპუტატი განმარტავდა, რომ აუქციონის გამოცხადების შესახებ განცხადებით მერიას თავად მიმართა და ორივე ნაკვეთი კანონის დაცვით შეიძინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]