„იმ ჩანაწერების ავთენტურობა, რომლებიც „რუსთავი 2“-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გააჟღერა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ამიტომ აქ პირდაპირი ნდობა ვერ მექნება. დაველოდები გამოძიებას. ბუნებრივია, კითხვები ყველას გაუჩნდა იმდენად, რამდენადაც ჩვენი ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის საუბარი და მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. სუბელიანთან ერთად საკანში პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.
ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. იგი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.
ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო. ასევე ნახსენებია რამდენიმე გახმაურებული საქმე. სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
.