weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩანაწერში მუქარა ამოვიკითხე, ამ მუქარის არავის ეშინია - ირაკლი კობახიძე

19:10 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

გუშინდელ ჩანაწერში ამოვიკითხე კონკრეტული მუქარა კონკრეტული პირის მხრიდან, ისევე როგორც თავის დროზე, ამოვიკითხეთ მუქარა ოქუაშვილის მხრიდან. ამ მუქარის არავის არ ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ხელისუფლებას ემუქრება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები და კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი საუბრობს, მორიგი სპექტაკლია, რომელიც წარუმატებლად დასრულდება.

„როგორც ოქუაშვილის საქმეში ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ასევე ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. რაც შეეხება ზოგად სურათს, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ამ ჩანაწერის შემდეგ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით, მაგრამ დღეს არის ის საქართველო, რაც გუშინ იყო. ეს არის საქართველო, სადაც წარსულში ნაციონლური მოძრაობა, აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ - 10 ათასი ადამიანი რომ სჩუქნის სახელმწიფოს ქონებას, იმას ფარული ჩანაწერები არ სჭირდება. ვერანაირი ფარული ჩანაწერებით ამ რეალობას ვერ შეცვლით. ზუსტად ამიტომ დაემხო თქვენი რეჟიმი და ზუსტად ამას აკეთებდით 9 წლის განმავლობაში.

ცარიელ ადგილზე კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე ვერნაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით. აქ პარლამენტს ექნება თავისი როლი და პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა კითხვას პასუხი სათანადოდ გაეცემა.

თქვენი [საპარლამენტო უმცირესობის] მესიჯი იყო, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის, შანტაჟის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია. ვმოქმედებთ ჩვენი პრონციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის ეშინია მუქარის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანშია გაკეთებული. იგი სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, პარლამენტის წევრის, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ცუხიშვილის საუბარს ასახავს.

პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ი.პ.-მ განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება მოსთხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]