weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჯაფარიძე სუბელიანთან ციხეში ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების დღესაც შევიდა

02:03 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

პარლამეტის წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ გლდანის ციხეში, ბრალდებული მირზა სუბელიანი ხუთჯერ მოინახულა. პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო ბრძანება, რომელიც დეპუტატს პატიმრის მონახულების უფლებას აძლევდა, 14 ოქტომბერს, კვირას, არასამუშაო დღეს არის გამოცემული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კვირას, დილის საათებში დაანონსა „რუსთავი 2“-მა გადაცემა „P.S.“-ში სუბელიანთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.

სააგენტო On.ge-ის ცნობით, პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ სუბელიანს 6 და 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 და 14 ოქტომბერს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების მიხედვით, ხუთივე შემთხვევაში ციხეში შესვლის მიზანი სუბელიანის მონახულება, მისი პრობლემისა და მდომარეობის მონიტორინგი იყო.

„რამოდენიმეჯერ მოვინახულე მირზა სუბელიანი და საჭირო თუ გახდა, კიდევ მოვინახულებ. მისი თხოვნით ვიყავი შესული და ხვალაც რომ მთხოვოს შეხვედრა მან, ან მისმა ოჯახმა, ხვალაც მივალ“, - განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას. გარდა ამისა, სუბელიანი აცხადებს, რომ საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულების გამო და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და აბარებს, რა უნდა უთხრას მას.

16 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს. პროკურატურის განცხადებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება. მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]