weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

„ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

12:28 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

საპარლამენტო უმცირესობა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული“, - თქვა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სარალიძე სამართალდამცველებმა პროვოკაციის შედეგად დააკავეს. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, საზოგადოება ვალდებულია, არ დაუშვას იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც სახელმწიფო ებრძვის და უსამართლოდ ექცევა.

„ხუთთვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის, შევიწროვების შემდეგ, ხელისუფლებამ მოძებნა საბაბი, რომ ზაზა სარალიძე დაეპატიმრებინა. 

იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც უკვე ხუთ თვეზე მეტია ქუჩაშია, ეძებს სიმართლეს და მოითხოვს დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები - ადამიანები, ვისი სახელები და გვარები დოკუმენტურად ცნობილია, სცილდება სამართლებრივ, პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქარაძემ.

მან ხელისუფლებას და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდა გაითვალისწინონ, პარლამენტის წევრების თავდებობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე.

„უახლოეს პერიოდში, ადვოკატთან და ოჯახთან ურთიერთობის შემდეგ ჩვენ ამას გავაფორმებთ სამართლებრივად, როგორც საჭიროა. მინდა გამოვხატო ჩვენი ღრმა პატივისცემა პოლიციის და თითოეული რიგითი პოლიციელის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, ზაზა სარალიძის გათავისუფლება იქნება მორალური შვება, მათ შორის, იმ პოლიციელისთვისაც, ვისი შეურაცხყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე

და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის ძალიან დიდი უსამართლობა და ტკივილი, რომელიც საზოგადოებაში დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობამ და მკვლელებისთვის ხელის დაფარებამ დატოვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტთან, სადაც ის 10 სექტემბრიდან მშვიდობიან აქციას მართავს და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე წვიმის დროს, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. დაკავების შემდეგ, სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძის დაკავებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა იძულებული გახდა ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]