weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებთ ეგზიტპოლის შედეგები არ გააყალბოს - კობახიძე

23:58 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ეგზიტპოლის შედეგები არ გააყალბოს, ვინაიდან „მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ, რამდენიმესაათიანი ფეხები“.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 28 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „ქართული ოცნება“ მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს გამოაცხადებს.

„ეგზიტპოლს სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად 100 საარჩევნო უბანზე კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“ ჩაატარებს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებთ, არ გააყალბონ თავიანთი ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ამ ორი თვის განმავლობაში სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აყალბებდნენ.

შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ, რამდენიმესაათიანი ფეხები. რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები.

ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, „რუსთავი 2“-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ, ეგზიტპოლის შედეგები ხვალ ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ. მოვუწოდებთ, „რუსთავი 2“-ს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც“, – აღნიშნა კობახიძემ და ყველას მოუწოდა, არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.

„ქართული ოცნების“ შიდაპარტული კვლევის მიხედვით, რომელიც მათი დაკვეთით კომპანია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი სალომე ზურაბიშვილს აქვს. პარტიის ინფორმაციით, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16%, სხვა კანდიდატები – 12%. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 2200 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ფარგლები 3% -ია.

25 ოქტომბერს „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა მისი დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას (ე.წ. ალოკაციის მიხედვით) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 31%, სალომე ზურაბიშვილი – 28%, დავით ბაქრაძე – 14%, შალვა ნათელაშვილი – 5%, არ გადაუწყვეტია/უარი პასუხზე – 16%. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპონდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]