weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქის ინციდენტისას დაშავებულ 3 პირს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა - ექიმი

17:08 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსანდრე თოროიანის განცხადებით, ახალქალაქში, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული სამი ადამიანი თბილისის საავადმყოფოში კატასტროფის კერძო ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც ალექსანდრე თოროიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრა, ადგილობრივმა საავადმყოფომ მათი თბილისში გადაყვანა საჭიროდ არ მიიჩნია.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ახალქალაქის საავადმყოფოში ოთხი პაციენტი - აბრაამ აბრაამიანი, აშოტ რაისიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი შეიყვანეს.

„ოთხივეს გავუწიეთ სათანადო კვალიფიციური კონსულტაცია და დადგინდა, რომ აბრაამ აბრაამიანი საშუალო სიმძიმის იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, თბილისში, დამატებით ნეიროქირურგის ჩარევის მიზნით, კატასტროფის ჯგუფს გადაეყვანა. კლინიკაში დარჩენილი სამი პაციენტიდან თბილისში გადაყვანა არცერთს სჭირდებოდა“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ალექსანდრე თოროიანმა.

ექიმების ინფორმაციით, გუშინ საღამოს აშოტ რაისიანმა, ტიგრან აბრაამიანმა და მიშა აგაბაბიანმა კლინიკა დატოვეს და სახლებში წავიდნენ. რაისიანმა და აგაბაბიანმა გვიან ღამით სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში დაბრუნდნენ. ექიმის განმარტებით, ერთს 37.5 გრადუსი სიცხე, მეორეს კი მაღალი წნევა ჰქონდა. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ორივე მათგანს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს, თუმცა პაციენტების ახლობლებმა მათი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. რაც შეეხება ტიგრან აბრაამიანს, მან თბილისიდან კატასტროფის ჯგუფი ისე გამოიძახა, რომ ახალქალაქის საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს.

ალექსანდრე თოროიანის თქმით, სახელმწიფო რეფერალმა ასეთი პაციენტების მიღებაზე უარი თქვა: „მათ არ ჰქონდათ სათანადო დიაგნოზი იმისთვის, რომ სახელმწიფო რეფერალს მიეღო. ამიტომ კერძო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში უთხრეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით კი, ოთხივე დაშავებული პალატაშია, თუმცა ოპერაცია არცერთს დასჭირდა.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრების ცემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს. როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმაც იყო.

მომხდართან დაკავშირებით ენზელ მკოიანმა განცხადება გაავრცელა და ვაშაძის შტაბის წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში შეფასება უნდა მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]