თამარ დუმბაძემ სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მას და მის მეუღლეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.
„მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით“, – წერს თამარ დუმბაძე.
მისივე თქმით, ის წლებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და პარტიის დასაცავად „ნებისმიერ წინააღმდეგობას უმკლავდება“.
„მე არ ვგავარ ადამიანებს, რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს. [...] ამ პოსტით მინდა ვთქვა, რომ წერტილს ვუსმევ ვლადიმერ ვადაჭკორიას, როგორს სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებაში, რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს.
მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც, დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული“, – წერს დუმბაძე.
ცოლის განცხადებასთან დაკავშირებით ვლადიმერ ვადაჭკორიამ კომენტარი „გურია ნიუსთან“ გააკეთა. ის ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი ხედვა ჰქონდეს და ამ კუთხით ცოლისთვის ხელი არასდროს შეუშლია. ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ 15 წელზე მეტია რესპუბლიკური პარტიის წევრია, მისი ცოლი კი პოლიტიკაში 2012 წლიდან ჩაერთო.
რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, გრიგოლ ვაშაძეს აქვს მოსაზრებები, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ეთანხმებიან და მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, არსებული რესურსებით მხარს დაუჭერენ.