მთავარი პროკურატურის განცხადებით, 30 ოქტომბერს მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის [ძალადობა] პირველი პრიმა ნაწილით ბრალი წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს, ე. მ.-ს, ა. ა.-ს და ა.კ.-ს.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრებმა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკითნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდა.
მოწმის სახით ჩატარებულ გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მათი საარჩევნო შტაბის წევრების ცემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს. როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმაც იყო.
მომხდართან დაკავშირებით ენზელ მკოიანმა განცხადება გაავრცელა და ვაშაძის შტაბის წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
საწყის ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. მოგვიანებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში შეფასება უნდა მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია.