„მე აქ ვარ. სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს: ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები.
მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ.
ეს არის ქართული ვაჟკაცობა. მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ“, – მიმართა თეიმურაზ გორჯესტანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს თეიმურაზ გორჯესტანმა.
თეიმურაზ გორჯესტანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. როგორც მან თქვა, ამის მიზეზი მისი ოჯახის მიმართ მუქარა და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული „ცრუ ცნობები“ გახდა. „ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე, დამეცვა დედაჩემი არა მარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან. რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები“, – განაცხადა გორჯესტანმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.