აქციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა, ასევე 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, ექიმმა ლადო კახაძემ, კობა დავითაშვილმა და სხვებმა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას და კოჰაბიტაციას არ დაუშვებენ.
„როდესაც ვამბობთ „არა ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ ვამბობთ – არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას. საქართველო ქართველი ხალხის არის. ბოკერიები და სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს.
ამიტომ უნდა გავერთიანდეთ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს. იცოდეს ქალბატონმა სალომემ, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ უკვე ქართველი ხალხი და პასუხისმგებელია მის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ უნდა უღალატოს. კოჰაბიტაცია იყო ღალატი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„არავინ იფიქროს, რომ ჩვენ დღეს ამით დავასრულებთ. ბრძოლა ახლა იწყება. ესენი თუ არ დავსაჯეთ, თუ არ მოვსპეთ, გავანადგურეთ, საერთოდ თუ არ გაქრა „ნაცინალური მოძრაობა“, ქვეყანა არ დამშვიდდება. არავითარი მიშა და არანაირი ბოკერია. არა ვაშაძეებს“, – თქვა დავით თარხან-მოურავმა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოუცხადა.