„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ძალა ერთობაშია“ მომავალ სამოქმედო გეგმაზე დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს.
„დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ამ საკითხზე ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
გუშინ, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს. სააკაშვილმა ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაუმორჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ.