„მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები.
მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის.
ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად, ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ „ევროპული საქართველოს“, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე“, – წერს უგულავა.
გუშინ, პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშია“ მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. დავით ბაქრაძის თქმით, სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია ყველა იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ აზრით, პოლიტიკური ბრძოლის გზა პოლიტიკურ რეფორმებზე გადის და არა საპროტესტო აქციებზე.
„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს, რის გამოც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. „ძალა ერთობაშიას“ მიერ 2 დეკემბერს დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.