„ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის.
„ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. ცერემონიის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება.
სალომე ზურაბიშვილმა N17 თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნები წააგო. ცესკოს მონაცემებით, აქ მან ამომრჩეველთა ხმების 48.81% (15 868 ხმა) აიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 51.19% (16 644 ხმა).