პატრიარქის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი ერის გამოცდა იყო, რა დროსაც მან ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.
„ვის შეუძლია სხვისი სიმძიმე იტვირთოს? შეუძლია ადამიანს, რომლის სული და გონება და გული განმსჭვალულია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რელიგიით. არის შემთხვევა, როდესაც უჭირს ადამიანს ტვირთვა სხვისი სიმძიმის. იმ შემთხვევაში, როდესაც კეთილდღეობა ახლავს ადამიანს, უფრო მძიმე ყოფილა იტვირთო სიხარული სხვისი, ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ. აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვვლეთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერის. ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია.
ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი, რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს.
მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარულს და სიკეთეს, რომელსაც გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეს და ესრედ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ერში“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასაც გამოეხმაურა. მისი აზრით, ქართველი ხალხი ამ ზეიმს ღირსეულად შეხვდება.