„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა 2018 წელს რესპუბლიკის საერთაშორისო ცხოვრებაში. ჩვენ ამისკენ დიდხანს მივდიოდით, მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ვატარებდით.
კომუნიკეში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს საელჩოების დონეზე განავითარებენ, ანუ სამხრეთ ოსეთის საელჩო გაიხსნება სირიაში, ხოლო სირიის საელჩო სამხრეთ ოსეთში.
ამ მიმართულებით ყოველ დღე ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს სირიაში ჩვენი საელჩო გაიხსნება“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
მისივე თქმით, ე.წ. საელჩოს გახნის საკითხის გადაწყვეტას ხელს სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშლის.
სირიის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.