„რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. იმედი მაქვს, ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც ეხება უფლებამოსილების გადაბარებას, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.
ინაუგურაციის დღეს თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აქციები გაიმართება თბილისსა და სხვა ქალაქებშიც, თუმცა ყველაზე მაშტაბური აქცია თელავში იქნება.