weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აღარ განიხილავს – მდინარაძე

16:54 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტიდან გაიწვევენ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

„ვიდრე ამაზე პარლამენტის გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი აღარ იქნება განხილული, ანუ გაწვეული იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოშლა და ახალი თანამშრომლების აყვანა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ლაჩრული, ვერაგული, ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია.

კანონპროექტი არაკონსტიტუციურად შეაფასა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ პარლამენტს მოუწოდა, კანონი არ მიიღოს. ლომჯარიას განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორები რისკის ქვეშ აყენებენ 102 საჯარო მოხელეს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუდმივ პროფესიულ ფუნქციებს ასრულებენ.

„კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს სტატუსს უცვლის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად გარდაქმნის. შესაბამისად, კანონპროექტით მათი თანამდებობიდან გათავისუფლების გამარტივებული საფუძველი იქმნება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად“, – აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]