weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ყველაზე საშინელი დელეგაცია ჩამოდის – ვაშაძე

00:40 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

„საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას – პრეზიდენტისას, რომლის ინაუგურაციაზეც ჩამოდის, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე საშინელი დელეგაცია, ანუ ძალიან დაბალი რანგი“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრეთა შესახებ.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ასეთი „დაბალი რანგის“ წარმომადგენლობა „ქართული ოცნებისთვის“, თავად სალომე ზურაბიშვილისთვის პრობლემაა და განპირობებულია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების სტანდარტით.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ასეთი უკუსვლა აქვს, იმიტომ, რომ არავინ ჩამოდის დასავლეთ ევროპიდან, თუ არ ჩავთვლით სარკოზის, რომელიც ყოფილია და დააღწია თუ არა თავი სისხლის სამართლის პასუხისგებას, ჯერ კიდევ არავინ იცის.

უფრო მეტიც, ჩამოდის სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც წინა პრეზიდენტმა უბრალოდ დანიშნა თანამდებობაზე, სალომე ზურაბიშვილივით... არავინ ჩამოდის ფაშინიანის გუნდიდან.

იმას, რასაც დემოკრატიულ არჩევნებს ვერ უწოდებს ცივილიზებული სამყარო, ვერასოდეს ექნება შესაბამისი გამოხმაურება ვერცერთი ქვეყნიდან, რომელიც დემოკრატიის განვითარების გზას ადგას. საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ამ ინაუგურაციაზე რომელიმე საშუალო დონის ჩინოვნიკს სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც კი არა, USAID-ს წარმომადგენელს გზავნის. ეს არის სხვადასხვა რეფორმების მხარდამჭერი ორგანიზაცია და არა სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ნაწილია საჯარო სამსახურის. სახელი და გვარიც კი არ ვიცით, ვინ ჩამოდის. ჩემი ინფორმაციით, გვერდზე, რომელიღაც ქვეყანაში მივლინებით არის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი და მას უთხრეს, ჩაიარე ბარემ საქართველოშიო.

ეს არის გზავნილი, რომ იმ სტანდარტს, რაც იყო არჩევნების მხრივ საქართველოში, არ შეეგუება არავინ.

არავინ ჩამოდის ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოებიდან. ამის გასაპროტესტებლად ჩავდივართ თელავში. არ მინდა ისეთი საქართველო, რომელსაც მაჩანჩალებში გადაიყვანს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 დეკემბერს გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოქმედი პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დაესწრება. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას 55-მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვევიან. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]