შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა და გავლის საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.