გაერთიანებულ ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ. ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსისგან რეაგირებას ითხოვს.
„ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება.
როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი.
დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.