გაერთიანებულ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის პროცესი შეგნებულად გააჭიანურა, რათა სასამართლოსთან დღევანდელი აქცია დაშლილიყო.
„იმედი აქვთ, რომ ხვალ ხალხი არ შეიკრიბება. ხალხი ხვალ შეიკრიბება და ყველა დაველოდებით სასამართლოს განჩინებას.
ერთი რამ უნდა ახსოვდეს ამ ხელისუფლებას, რომ არაფერი არ დამთავრდება არც დღეს, არც ხვალ.
დავით კირკიტაძისთვის ცალკე იბრძოლებს ჩვენი იურისტების ჯგუფი, ცალკე იბრძოლებს გაერთიანებული ოპოზიცია. ერთი წუთი არ დავნებდებით და არ გავაჩერებთ მას საპატიმროში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ, 10:30 საათზე იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.