weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა უნდა გაგრძელდეს – პრეზიდენტი

10:52 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის იზიარებს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზიად გამსახურდიას მკვლელობის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები საქმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბრიდან შიმშილობენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი დაპირება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულება იყო.

„მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ.

ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ხობში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2009-2011 წლებში პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დროებითმა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას „სათანადო რეაგირება“ მოეხდინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილ „ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე“.

გამსახურდიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წელს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით მიმართა. წერილში გამსახურდიები აღნიშნავდნენ, რომ ყოფილმა მმართველმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია აცხადეს, გამოძიება წინ არ წასულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]