weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტიტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

14:30 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

ბესელიას თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ მოსამართლეები იყვნენ.

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, პროცესი იხილოს გამჭვირვალე და იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ეს პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურის სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს.

სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები.

მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2016 წლიდან თავმჯდომარეობდა.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]