weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ნაცმოძრაობამ“ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

11:31 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით, დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

„იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია“, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს. ამ მოთხოვნით პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის სახელით manifest.ge-ზე პეტიციაც გამოქვეყნდა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

 

ამ თემაზე:

ადვოკატებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში 20 ძირითადი დარღვევა გამოავლინეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]