„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. გუნდურობაზე ნუ მიმანიშნებენ. ვერავინ მასწავლის რა არის გუნდურობა, რა არის წესების დაცვა, რა არის საკუთარ თავზე სხვის ნაცვლად პასუხისმგებლობის აღება. ამას ნამდვილად ვერ მასწავლიან, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ძალიან ახლები არიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. აქ დავსვამდი წერტილს“, – ამბობს ეკა ბესელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ბესელიას თქმით, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია გაწვეული იქნეს.
„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნა წარიმართოს სწორედ სამართლიანად და გამოვრიცხოთ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და მოსახლეობის განწყობებთან“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.