weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

16:25 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

250 000 ლარის ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ივანეიშვილის ადვოკატმა 400 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„ერთი წამი, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია, რომ თანამდებობით მესარგებლა. ასე არ მომხდარა და არც მოხდებოდა. მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო, ეს ქონება [საკრებულოს ყოფილი შენობა] გაყიდულიყო და როგორც კი მსურველი გამოჩნდა, ყველას გავაგებინე. ორჯერ იყო მანამდე ეს ობიექტი გამოტანილი. ეს საჭიროებს დეტალურ შესწავლას.

მე ბიზნესმენი ვარ. შეიძლება, რაღაც მომენტში სხვანაირი საუბარი წარვმართე. საკრებულოს თავმჯდომარე ერთი წელია რაც ვარ, მანამდე ბიზნესმენი ვიყავი. ზეგავლენა არავისზე მომიხდენია და არც მოვახდენ. არსად მივიმალები“, – თქვა ივანეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

თეიმურაზ ჩიჩუამ განაცხადა, რომ მას ქრთამის აღებაში დახმარება არ აღმოუჩენია. როგორც მან აღნიშნა, ასეთი „შეტევები“ მისი მისამართით ორი წელია მიმდინარეობს.

„ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი შემოდის და ვითომ ინვესტორი და მშენებელი, მიწყებს მოლაპარაკებებს ვითომ რაღაცაზე, ვაგდებ ოთახიდან ამ ადამიანებს. ორი წელია მაქსიმალურ სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ. რაც შეეხება წყალტუბოს, ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ოთხი წელი ვიყავი იქ, ავაშენე უამრავი რამ, პრომეთეს მღვიმე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ინვესტორს, რომ როგორმე წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ არის ჩემი დანაშაული, მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.

ცხოვრებაში ავტომანქანის მართვისას სიჩქარე არ გადამიჭარბებია, კანონით ვცხოვრობ. ჩემ ოჯახს ვერ შევარცხვენ, ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით“, – განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას 250 000 ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, თეიმურაზ ჩოჩუა 26 იანვარს დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]