როგორც დეპუტატმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის მიმართავს სამართალდამცავებს, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას.
„იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი.
არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წარსულს ჩააბარა „ის დიდი უბედურება, რასაც სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია“. კილაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მას არ ჰგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, „როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს“.
„ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმართვასთან მიმართებით და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამიტომ,
ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება“, – ამბობს სოფო კილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელით, ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა“.
ბესელია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს, „სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან“.
შინაგნა საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა. აღნიშნული მუხლი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.