„რეალურად მაშინ, როცა აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი შესაძლებლობები, რუსეთი კვლავ და კვლავ ჩვენ მოძმეებს სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატის სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
2017 წლის განმავლობაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.
„აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლება და წვრთნაა დაგეგმილი, მათ შორის ერთობლივი“, - ნათქვამია რუსული სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.
წვრთნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმების ფარგლებში ჩატარდება.