"მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა, თანამედროვე ადამიანი კახა კალაძე. ის ამ არჩევნებზე გამოდის გუნდის სრული და ერთიანი მხარდაჭერით",- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
"მიხარია რომ თბილისს ჰყავს ასეთი ძლიერი, გამოცდილი და კარგი მერობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ კახი თავის გარდამტეხ სიტყვას შეიტანს ქალაქის განვითარებაში და ის თბილისელებს საუკეთესო მერად დაამახსოვრდებათ", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანმა ნინო წილოსანმა.
თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძეს ოფიციალურად დღეს, მთაწმინდის პარკში წარადგენენ. არსებული ინფორმაციით, კალაძის საარჩევნო სლოგანი იქნება "ჩემი ოცნების თბილისი".
კახა კალაძე 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრია, ხოლო 2016 წლის ნოემრიდან ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებს. 2013 წლიდან დღემდე კალაძე პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანია.
ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კახა კალაძემ 2000 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2008 წელს იყო "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2007 წელს, მან საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი", ხოლო 2008 წელს საქველმოქმედო ორგანიზაცია "კალა ფონდი" დააფუძნა. კახა კალაძე 1996-2012 წლებში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო. მისი სპორტული კარიერა დაკავშირებულია ისეთ საფეხბურთო კლუბებთან როგორებიცაა "ჯენოა", "მილანი" და "დინამო კიევი".
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატები "ქართული ოცნების" გარდა კიდევ ორ პარტიას ჰყავს დასახელებული. "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერობისთვის ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.