weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2021

არავის გამოუვა წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი სკანდალებით აარიდოს – გახარია  

14:34 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 hits 816

გიორგი გახარიას განცხადებით, მას, როგორც ყოფილ ეკონომიკის მინისტრს და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარგად ესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.

გიორგი გახარია პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა ჭორაობისთვის იქნა გამოყენებული. მისივე თქმით, „არავის გამოუვა, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვთ წლების წინ, თავი აარიდონ“.

„სამწუხაროდ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის. მეორე - ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო, შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე, სამწუხაროდ ეს გამოვიდა.

ყველაზე მთავარი - მესამე, მე როგორც ვიცე პრემიერს და ყოფილი ეკონომიკის მინისტრს ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, ეკონომიკისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი. დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ძალოვანი უწყების წარმომადგენელს, ასევე ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი.

ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე ისე უსაფრთხოებაზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ თავიანთი ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყოველთვის მზად არის ყველა ფორმატში - პროკურატურა იქნება, თუ პარლამენტი, „ღიად ისაუბროს „ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე რომელიც მას აქვს“.

4 მარტს, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. როგორც ხაზარაძემ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, „თიბისი ბანკს“ საქართველოსა და საერთაშრისო ასპარეზზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოთხოვნები, რაზეც წერილში იყო საუბარი, არ შეუსრულებიათ. მისივე განცხადებით, მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. პარლამენტის კომიტეტში გამოსვლის შემდეგ, მეორე დღეს მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს.

„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს, სადაც „აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]