„ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო „თიბისი ბანკიდან“ ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა.
არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის – ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე.
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო. როგორც ვატყობ, ამ დღეების განმავლობაში, ეს წარმატებით გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასერიოზული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, პროკურატურამ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას წარუდგინა. მანამდე ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ. მათგან პირველი ტელეკომპანია „პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას უკავშირდება, მესამე მოთხოვნის მიხედვით კი „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიეტურობის მაღალი ხარისხი“.
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის კომიტეტში თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ემუქრებიდა, „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. დავით ბაქრაძის განცხადებით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვბება უკვე დაწყებულია.